ელექტრონული ჰოსპიტალიზაციის პორტალის ფუნქციონირება
2 თებერვალს, ჯანდაცვის ასოციაციის შეხვედრა გაიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბ-ნ ი. ღუდუშაურთან და სსიპ საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ბ-ნ ა. კუტიბაშვილთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ელექტრონული ჰოსპიტალიზაციის პორტალის ფუნქციონირების და მასთან დაკავშირებული სანქციების გადახედვას. სსიპ საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ბრძანება № EMSC 8 22 00000079-ის თანახმად, ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, დაევალათ, საინფორმაციო ელექტრონულ პლატფორმაში, თავიანთი მომხმარებლის სახელით და პაროლით, მიმდინარე დროში, თავიანთი შეხედულებით, პასიური სამედიცინო და კვლევით-ლაბორატორიული სერვისების შესახებ ინფორმაცია სწორად მიუთითონ პაციენტის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმამდე.
ბრძანების 3.1.პუნქტის თანახმად: „ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებების მიერ, აქტიური სამედიცინო და კვლევით-ლაბორატორიული სერვისის მიწოდების პერიოდში, შესაბამისი დიაგნოზის მქონე პაციენტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე:
- პირველად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები გამოეთიშებიან ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ნუსხას 3 (სამი) კალენდარული დღის ოდენობით;
- მეორედ შეუსრულებლობის შემთხვევაში - 7 (შვიდი) კალენდარული დღის ოდენობით;
- მესამედ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები, გამოეთიშებიან ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ნუსხას 1 (ერთი) წლის ვადით.
#ერთადცვლილებებისთვის