სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად ერთიანდებიან

7 სექტემბერს სასტუმრო "სტამბას" ამფითეატრში „ჯანდაცვის ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ჯანდაცვის ასოციაცია, წევრობაზე დაფუძნებული, საერთო იდეის გარშემო შეკრებილი სამედიცინო დაწესებულებების გაერთიანებაა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით დაფუძნდა. ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია.

ჯანდაცვის ასოციაციაში 13 სამედიცინო დაწესებულება/ჰოლდინგი უკვე გაწევრიანდა, რომელიც 80-მდე ჰოსპიტლისა და 35 ამბულატორიული სერვისის მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს და 8000-მდე საწოლს და 22 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლები გამოცდილების, ცოდნისა და ხედვის გაზიარებით შეეცდებიან ერთად გადაჭრან ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები, მოამზადონ რეკომენდაციები ჯანდაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად, ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამ გზით შეამცირონ ის ხარვეზები, რაც ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და გაუმჯობესებას აფერხებს. 

ჯანდაცვის ასოციაცია, ძირითადად, ჯანდაცვის პოლიტიკის ისეთ საკითხებზე იმუშავებს, როგორიც არიც  ჯანდაცვის დაფინანსება, სატარიფო პოლიტიკა, საწოლფონდი სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და გადანაწილება, მომსახურების ხარისხი,  სამედიცინო შეცდომის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მექანიზმების შექმნა, პაციენტის უფლებების დაცვა, სამედიცინო დაწესებულებების ეფექტური ფუნქციონირება პანდემიის პირობებში და სხვა.

ჯანდაცვის ასოციაცია გაახმოვანებს მასში შემავალი ორგანიზაციების ხედვას და შეასრულებს შუამავლის ფუნქციას სამედიცინო დაწესებულებებს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის.

ორგანიზაციები ასოციაციაში გაწევრიანებას შეძლებენ ნებისმიერ დროს და თანაბარი ხმის უფლებით ისარგებლებენ.

Previous
Previous

შეთანხმება ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) შესახებ