ჯანდაცვის ასოციაციის ჩართულობა საპარლამენტო კომიტეტების სხდომებზე
08/05/2023 საქართველოს პარლამენტს მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ იმავე თარიღით დათარიღებული საკანონმდებლო წინადადებით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის („კანონპროექტი“) მიღების თხოვნით. საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენდა საკანონმდებლო პაკეტს და ცვლილებებს: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში;
ააიპ „ჯანდაცვის ასოციაციის“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს და ჩართულები იყვნენ ყველა საკომიტეტო მოსმენაში (ჯანდაცვის და სოციალური დაცვის კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები; დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი)
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, რადიკალურად შეიცვლება მიდგომა სამედიცინო საქმიანობის კონტროლის მიმართულებით, რაც მოიცავს, როგორც კონტროლის განხორციელების მექანიზმის ცვლილებას, ლიცენზია/ნებართვის შეჩერების ახალი პროცედურის დაწესებას, ასევე, სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის წესის სრულ მოდიფიცირებას, არსებული ჯარიმების ოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა და დაკისრებული სახდელის აღსრულების ახალ მექანიზმს.